ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა და დელეგაციის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
"შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტის დელეგაციის კითხვის პასუხად, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რომ საქართველოს პარლამენტი შემდეგი ექვსი თვის მანძილზე მათ განხორციელებაზე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და შალვა პაპუაშვილი
საპარლამენტო ოპოზიციიდან ევროპარლამენტის დელეგაციასთასნ შეხვედრას ესწრებოდნენ: ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას", პოლიტიკური ჯგუფების - "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", "მოქალაქეების", "გირჩის", "რეფორმების ჯგუფის" და "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.
შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოპოზიცია სრულად უნდა შეუერთდეს ყველა ფორმატს, სადაც ხდება 12- პუნქტიან გეგმაზე მუშაობა.
"ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" არ მისცეს არგუმენტი ხელში, რომ შემდგომში ოპოზიცია დაადანაშაულოს 12 პუნქტის არშესრულებაში. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმუშაოთ ამ 12 პუნქტის შესრულებაზე და თუ ვიღაც არ შეასრულებს ამ პუნქტებს, ესეც გავხადოთ საჯარო და ვუთხრათ საზოგადოებას", - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მანამდე, ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ევროპარლამეტნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს, არიან ევროპარლამენტარები ჟელიანა ზოვკო, სვენ მიკსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ტირერი მარიანი, ასიტა კანკო.