ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტიკის ოკეანეში 52 ადამიანი გადაარჩინეს. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
ატლანტიკის ოკეანეში 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა.
"10 ივლისს მაროკოსკენ მივემართებოდით. დაახლოვებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ...
მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ ველოდით. გემი წრეზე ტრიალებდა, ნავი რომ არ დაგვეკარგა. ამინდიც გაუარესდა. საბოლოოდ, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება მიგრანტები გემზე ამოგვეყვანა. ნავი გემზე მივაბით და დავიწყეთ ხალხის ამოყვანა"...", - ამბობს სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთი მეზღვაური.
9 ქართველი მეზღვაური უშუალოდ მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციაში: ნუგზარ ბერიძე, კახა ადამია, დილარ ცეცხლაძე, ზაზა ჭაღალიძე, ზვიად ქობულაძე, მინდია აბუსერიძე, შალვა სვანიძე, მანუჩარ კობალაძე და გიორგი ცეცხლაძე.
"2-საათიანი ბრძოლის შემდეგ ამ მეზღვაურებმა ღია ზღვაში განსაკუთრებული სიმამაცის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის წყალობით 52 ადამიანი გადაარჩინეს. მომავალ წელს საქართველო მათ "ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის" საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს", - იტყობინება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ჯილდო პირველად, 2015 წელს არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გადაეცა გარდაცვალების შემდეგ. მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან Norman Atlantic-ზე ხანძრი გაჩნდა. ცეცხლმოდებული გემიდან მაშველებს მგზავრები ნავებზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.
გემზე 500-მდე ადამიანი, მათ შორის 8 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.
2018 წელს ჯილდო გადაეცათ - კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს, რომლებმაც 13 ადამიანი გადაარჩინეს.
ფოტო: არქივი