რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია "გაზპრომმა" იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა. იტყობინება იტალიის გაზისა და ნავთობის კომპანია Eni.
კომპანიის განცხადებით, 11 ივლისიდან იტალიაში გაზის ყოველდღიული მიწოდების მოცულობა 11 მილიონი კუბური მეტრით შემცირდა.
Eni-ს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება "გაზპრომისგან" მიიღეს, სადაც რუსული კომპანია იუწყებოდა, რომ ბოლო რამდენიმე დღის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით (დღეში) 32 მილიონი კუბური მეტრი იყო, გაზმომარაგების ამჟამინდელი დონე კი დღეში 21 მილიონი კუბური მეტრი იქნება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ იწყებს მუშაობას რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის დასრულებისთვის.
იტალია გაზის მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთიდან იღებს, ამიტომ მთავრობამ გააფორმა ახალი ხელშეკრულებები გაზის სხვა მიმწოდებლებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, კატარი და ალჟირი. იტალიამ ასევე შეიძინა ორი ტერმინალი თხევადი ბუნებრივი აირის შესანახად.
ამავდროულად, 11 ივლისიდან რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით მეშვეობით, ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა. გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream AG-მა, მიწოდების შეჩერება დაგეგმილი ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოებით ახსნა. მათივე ცნობით, ტექნიკური სამუშაოები 23 ივლისამდე გაგრძელდება.
გერმანია შიშობს, რომ 23 ივლისის შემდეგ, რუსეთი "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით არ განაახლებს გაზის მიწოდებას.
"ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ს მილსადენი გადის ბალტიის ზღვის ფსკერზე და სრულდება გერმანიაში. მისგან გაზს იღებენ გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ჩეხეთი.