კანადა გერმანიას დაუბრუნებს რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის ტურბინას, რომლის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მონრეალში, ობიექტზე, რომელიც გერმანულ Siemens-ს ეკუთვნის.
ტურბინის დაბრუნება გერმანიისთვის ფერხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
ტურბინის დაბრუნების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა ამცნო საზოგადოებას.
ვილკინსონის განცხადებით, ოტავა, გამონაკლისის სახით, დროებით გადაუხვევს რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს, რათა გერმანიას დაუბრუნდეს გაზსადენის ტურბინა.
მისივე თქმით, ტურბინის გერმანიისთვის დაბრუნება ხელს შეუწყობს ევროპას მიიღოს სანდო და ხელმისაწვდომი ენერგია იმ დრომდე, სანამ ევროკავშირი უარს ამბობს რუსეთის ნავთობსა და გაზზე.
გერმანიის მთავრობა მიესალმა ოტავის გადაწყვეტილებას ტურბინის დაბრუნების თაობაზე.
"მივესალმებით ჩვენი კანადელი მეგობრებისა და მოკავშირეების გადაწყვეტილებას", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვირას, 10 ივლისს.
მანამდე, "გაზპრომი" აცხადებდა, რომ ტურბინის უქონლობა იყო მიზეზი "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენით რუსეთიდან გერმანიაში გაზის მიზოდების შემცირებისა. ბერლინი აცხადებდა, რომ მიწოდების შემცირების მთავარ მიზეზად პოლიტიკურ მოტივებს მიიჩნევს.
თავის მხრივ, კიევი დაჟინებით მოუწოდებდა ოტავას, არ დაებრუნებინა ტურბინა და კიცხავდა ბერლინს, "რუსული შანტაჟისადმი მორჩილების" გამო.
ტურბინის დაბრუნებით, გერმანიას აღუდგება რუსეთიდან გაზის მიწოდება თავდაპირველი რაოდენოებით, რომელიც კრემლმა გასულ თვეში, ტექნიკური შეფერხების მოტივით, 40%-ით შეამცირა.
ოტავის გადაწყვეტილებას უკრაინის ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები გამოეხმაურნენ. უწყებათა განცხადებით, კანადის გადაწყვეტილებით, ღრმად იმედგაცრუებულნი არიან.
მათივე განცხადებით, უკრაინა მადლიერია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებისთვის, მაგრამ შენიშნავენ, რომ კანადურ-გერმანული შეთანხმება სანქციების რეჟიმის მორგებაა რუსეთის ახირებებზე.