იაპონიაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, პარლამენტის ზედა პალატის, მრჩეველთა პალატის არჩევნები იმართება.
იაპონიის ეროვნული მაუწყებლის NHK ცნობით, 10 ივლისს, ადგილობრივი დროით 11 საათისთვის, ამომრჩეველთა 10.44%-მა მისცა ხმა, რაც 0.74%-ით მეტია 2019 წლის არჩევნებზე ამავე დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე.
ამ მონაცემებში არ შედის ის რაოდენობა, რომელმაც წინასწარ მისცა ხმა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.
იაპონიის მოქალაქეები 248-ადგილიან ზედა პალატის 125 წევრს ირჩევენ. არჩევნებში თავისი კანდიდატურა 500-ზე მეტმა პოლიტიკოსმა წამოაყენა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, გამარჯვებას მმართველ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიას (LDP) უწინასწარმეტყველებენ, რომლის წევრიც იყო შინზო აბე.
AFP-ის ცნობით, კოალიციურ პარტნიორ New Komeito-სთან ერთად LDP-ს შეუძლია მოიპოვოს 70-ზე მეტი მანდატი და ამით გააფართოვოს წარმომადგენლობა ზედა პალატაში.
იაპონიაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეროვნული არჩევნები არ იგეგმება. ამრიგად, მთავრობის მეთაურს ფუმიო კიშიდას უახლოეს მომავალში მოუწევს გაუმკლავდეს ფასების ზრდისა და ენერგორესურსების დეფიციტის პრობლემებს.
განსხვავებით პარლამენტის ქვედა პალატისგან, რომელიც ამტკიცებს პრემიერ მინისტრის კანდიდატურას და აქვს გადამწყვეტი ხმა კანონებისა თუ ბიუჯეტის მიღებაში, ზედა პალატას რეალური ძალაუფლება არ გააჩნია.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები ზედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ, მათ შეუძლიათ დაბლოკონ მთავრობის მუშაობა, შეანელონ კანონპროექტების მიღება ან ფინანსური აქტების დამტკიცება.