შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრამასინგჰე მზადაა დატოვოს თანამდებობა, პარტიის ლიდერების მოთხოვნით. ამის შესახებ შაბათს, 9 ივლისს, მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
რამდენიმე საათით ადრე ვიკრამასინგჰემ პარტიების ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია ქვეყანაში მძვინვარე სამოქალაქო პროტესტის საპასუხოდ, რომელიც ეკონომიკური კრიზისი გამო დაიწყო.
პოლიტიკოსებმა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის მოთხოვნები გაიზიარეს და პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, შრი-ლანკის მუსლიმთა კონგრესის ლიდერმა აბდულ რაუფ ჰაკიმმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი პარლამენტის სპიკერი მაჰინდა იაპა აბეივარდენა უნდა გახდეს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ვიკრამასინგჰემ განაცხადა, რომ დატოვებს თანამდებობას, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან ახალი მთავრობის ფორმირებაზე.
შეგახსენებთ, შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის ათასობით მონაწილემ გაარღვია პოლიციის კორდონი და შეიჭრა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაში.
პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. AFP-ის ცნობით, პრეზიდენტმა რეზიდენცია დემონსტრანტების შიგნით შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.
პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრამასინგჰე
კრიზისი შრი-ლანკაში
შრი-ლანკაში უმძიმესი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ქვეყანაში შეიქმნა საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი.
შრი-ლანკის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა გადახდისუუნარო გახდა. პრემიერ-მინისტრმა რანილ ვიკრამასინგემ პარლამენტს განუცხადა, რომ ქვეყანა ღრმა რეცესიაში ჩავარდება და 2023 წელსაც ურთულესი ვითარება იქნება.
მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) დახმარების პაკეტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან მალევე, შრი-ლანკის კათოლიკურმა ეკლესიამ მოუწოდა პრეზიდენტ გოტაბაი რაჯაპაქსას, აიღოს კრიზისზე პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადადგეს.