3 ივლისს, რუსეთის ორმა სამთავრობო თვითმფრინავმა ბულგარეთიდან გაძევებული დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედი 70 რუსი ჯაშუში და მათი ოჯახები სოფიიდან მოსკოვში გადაიყვანა.
ბულგარული პრესის ცნობით, საერთო ჯამში ქვეყანა 180-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს დიპლომატთა ყველაზე მასშტაბური გაძევებაა 1971 წლის შემდეგ, როდესაც ლონდონმა 105 საბჭოთა დიპლომატი გააძევა.
გაძევებული 70 პირიდან ზოგიერთს დიპლომატიური სტატუსი ჰქონდა, ზოგი საელჩოს ტექნიკური პერსონალი იყო, ზოგი კი მზარეული, მძღოლი ან მებაღე.
გაძევებულთა შორის არის სოფიაში რუსეთის საელჩოს რანგით მეორე პირი ფილიპ ვოსკრესენსკი, რომლის განცხადებითაც, "თავხედურად განდევნილ რუსთაგან არცერთი არ მუშაობდა ბულგარეთის წინააღმდეგ".
"რუსეთ-ბულგარეთის ურთიერთობებს ვერავინ გააფუჭებს, ვერავინ", - განაცხადა ვოსკრესენსკიმ აეროპორტში საუბრისას.
შეგახსენებთ, 28 ივნისს ბულგარეთმა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, ჯაშუშური საქმიანობის გამო რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა.
რუსეთმა ბულგარეთს წაუყენა ულტიმატუმი და დაემუქრა საელჩოს დახურვით, თუ სოფია 1-ლი ივლისის შუადღისთვის არ გააუქმებდა გაძევების გადაწყვეტილებას. სოფიამ უარი თქვა კრემლის ულტიმატუმის შესრულებაზე.
70 თანამშრომლის გაძევების შემდეგ, სოფიაში რუსეთის მისიაში 43 თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას, მაშინ როდესაც მოსკოვში ბულგარეთის მისიას მხოლოდ 12 თანაშრომელი ჰყავს.