ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა სცადეს. ლუკაშენკას სიტყვებს ციტირებს ბელარუსული სახელმწიფო სააგენტო "ბელტა".
ლუკაშენკას მტკიცებით, ბელარუსმა წარმატებით შეძლო თავდასხმის მოგერიება და უკრაინიდან მომავალი რაკეტების განადგურება.
"ისინი [უკრაინელები] ჩვენს პროვოცირებას ახდენენ, უნდა მოგახსენოთ: სამი დღის წინ, შესაძლოა, ცოტა მეტიც, უკრაინის ტერიტორიიდან ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმა სცადეს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, "პანცირის" საზენიტო სისტემებმა მოახერხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტის განადგურება", - თქვა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკას თქმით, თქმით, მის ქვეყანას არ სურს ომი უკრაინასთან.
ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება ლუკაშენკას არ წარმოუდგენია.
ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა და მოსკოვს უფლება მისცა გამოეყენებინა ბელორუსის ტერიტორია უკრაინაში შეჭრისთვის.