ნატოს მადრიდის სამიტზე მოკავშირეთა ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია.
დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და იგი არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იცავს რა გაეროს ქარტიით გათვალისწინებულ მიზნებსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
ალიანსის მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ უმკაცრესად დაგმეს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული აგრესიული და სასტიკი ომი.
მადრიდის დეკლარაციაში, ისევე როგორც ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, აღნიშნულია, რომ რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისთვის.
ამავდროულად, ნატო პირდაპირ საფრთხედ განიხილავს ტერორიზმს, კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს.
მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა ოფიციალურად მოიწვიეს ფინეთი და შვედეთი, ალიანსში გასაწევრიანებლად.
"ფინეთისა და შვედეთის შემოერთება მათ გახდის უფრო უსაფრთხოს, ნატოს - უფრო ძლიერს, ევროატლანტიკურ სივრცეს კი - უფრო უსაფრთხოს", - ნათქვამია დოკუმენტში.
მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზაობა, განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება, უკრაინისთვის არალეტალური თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდების გაზრდით, კიბერთავდასხმებისგან უკრაინის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისა და უკრაინის თავდაცვითი სექტორის მოდერნიზაციის გზით.
დეკლარაციაში საუბარია საქართველოს შესახებაც. დეკლარაციის თანახმად, ალიანსმა გადაწყვიტა გააძლიეროს მხარდაჭერა პარტნიორებისმათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ.
"ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ ახალი ზომების გადაწყვეტილება ჩვენი პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ ვმუშაობთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
საქართველოს შესახებ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის საუბარი.
კონცეფციაში ნათქვამია, რომ ალიანსი გაააძლიერებს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას.
კონცეფიაში ასევე დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
"იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, ჩვენს უსაფრთხოებასთან გადაჯაჭვულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით გაძლიერდეს მათი მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებს და გავაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორობას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესი ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში.