საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საქართველოს დროშის ფერებში განათდება ალექსანდრიის ბიბლიოთეკა (ეგვიპტე), კანადაში კი უკვე მეორედ, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოიხატება საქართველოს დროშა.
ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებში.
ავსტრალიაში კი საქართველოს დროშის ფერები გამოიხატება ავსტრალიის ეროვნული კარილონის შენობაზე.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC”-ის შენობა განათდება საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში კი - ქ. სეულის მერიის შენობა.
26 მაისის აღსანიშნავად, საუდის არაბეთში ქვეყნის ყველაზე ცნობილ შენობაზე - “Kingdom Center” გამოიხატება საქართველოს დროშა.
თურქეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდება ანკარის სიმბოლოები, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების - TOBB შენობები, ე. წ. ტყუპები და აგრეთვე, ათაქულეს კოშკი; საქართველოს ეროვნული დროშის ფერები გამოისახება სტამბოლის ხიდზეც.
აზერბაიჯანში 26 მაისის აღსანიშნავად განათდება ქ. ბაქოს ცენტრში მდებარე შენობა.
უნგრეთში საქართველოს დროშის ფერებით განათდება შოთა რუსთაველის ძეგლი. სომხეთში კი საქართველოს დროშა გამოისახება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.
26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდი, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი.
ასევე დაგეგმილია ირლანდიაში, დუბლინის მერიის შენობის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ბარსელონასა და ქ. ათენში განათდება ქალაქის შადრევნები, ხოლო კვიპროსში - საქართველოს დროშის ფერები გამოისახება ძველი მერიის შენობაზე.
ქ. სალონიკში მერიის შენობა ასევე განათდება ქართული დროშის ფერებით.
ისრაელში კი, 26 მაისთან დაკავშირებით, ქ. იერუსალიმის დავითის კოშკსა და ძველი ქალაქის კედელზე ქართული დროშა გამოხატება.
უზბეკეთში განათდება ქ. ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სასტუმრო „უზბეკეთი“.
სლოვაკეთსა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობები.
ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით, ირანში თეირანის მთავარ სატელევიზიო ანძაზე გამოისახება საქართველოს დროშა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება.
ქ. ნიუ-იორკში კი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
ჩინეთში დაგეგმილია შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა.
რუმინეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მეფე მიხაი პირველის სახელობის პარკში იგეგმება შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა, ასევე რუმინულ ენაზე „საქართველოს ისტორიის“ წიგნის პრეზენტაცია და ქართული ფილმების ჩვენება.
ჩეხეთში, ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მასარიკის უნივერსიტეტში, ადრეული შუა საუკუნეების კვლევით ცენტრში გაიხსნება შოთა რუსთაველის კაბინეტი.
ამასთან, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.