29 ნოემბერს, 1300 საათზე, "ექსპო-ჯორჯიას" მე-5 საგამოფენო პავილიონში, ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია და პროექტის მიღწევების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი, აგრეთვე ათასწლეულის კორპორაციის, "სი-ენ-ეფ-ეი"-საქართველოს, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო ინსტიტუტების, სუპერმარკეტებისა და რესტორნების ქსელების წარმომადგენლები.
2007 წლიდან დღემდე სულ 283 საგრანტო პროექტი დაფინანსდა, საერთო თანხით 15.9 მილიონი აშშ დოლარი და ამდენივე ინვესტიცია იქნა მოზიდული თანადაფინანსების სახით, რითაც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციის ოდენობამ 32 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. პროექტები საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება სოფლის მეურნეობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება-გადამუშავება, საკონსერვო წარმოება და სხვ. და მიზნად ისახავს პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტების განხორციელების შედეგად სოფლად 3,000-მდე ახალი სამუშაო შეიქმნა, არაპირდაპირი სარგებელი კი 100,000-ზე მეტმა ადამიანმა პოვა.
პროექტის საერთო ბიუჯეტით 20,2 მილიონი აშშ დოლარი, ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტი მიზნად ისახავს არსებული წვრილი ფერმერული მეურნეობების მომგებიან აგრობიზნესებად გარდაქმნას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში აგრობიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროექტის ფარგლებში გრანტები გაიცა თანადაფინანსების პრინციპით, პირველადი წარმოების, ფერმერთა მომსახურების ცენტრების, მცირე გადამამუშავებელი საწარმოების და უწყვეტი საწარმოო ჯაჭვის განვითარებისთვის საქართველოს რეგიონებში.