საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიომ ქაშუეთის ეკლესიაში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მრევლს ოჯახისა და ქორწინების მნიშვნელობის შესახებ ელაპარაკა.
"ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან. არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება, ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, ეს არის რელიგია და ეს არის ქორწინება. ანუ ამ მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. და როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებასაც კარგავს. შესაბამისად, ისმის კითხვა - ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილ ადამიანად?
ამრიგად, დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი. დღეს დადგა ამის საჭიროება და ვიმეორე, ჩვენ კი არ აღვადგენთ რაიმე ძველს, ჩვენი მამა-პაპათაგან მოგონილ წესს, არამედ - უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს, ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში და არ აღვადგენთ მხოლოდ წარსულს. თუ მომავალში ეს უწმინდესი ღირებულება დაიკარგება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება", - თქვა მეუფე შიომ.
2014 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.