ნატოს მოკავშირეები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში გეგმავენ, რუსეთის ქმედებები დაასახელონ როგორც "პირდაპირი საფრთხე". იუწყება Bloomberg-ი ნატოს წყაროზე დაყრდნობით.
კონცეფციის წინა ვერსიაში, რომელიც 2010 წელს მიიღეს, რუსეთი იყო ნახსენები, როგორც პარტნიორი, მაგრამ ეს ფორმულირება ახალ ვერსიაში მოიხსნება.
Bloomberg-ის წყარომ აღნიშნა, რომ ნატო მზად იქნება განაახლოს ურთიერთობა რუსეთთან, თუ მოსკოვის ქცევა შეიცვლება.
ნატოს სტრატეგიული კონცეფცია განსაზღვრავს ალიანსის პრიორიტეტებს მომავალი წლებისთვის, ის დამტკიცდება ივნისის ბოლოს მადრიდში ნატოს სამიტზე.
დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის სამეზობლოში მდებარე მოწყვლადი ქვეყნების მხარდაჭერა, ასევე ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობების თემას.