ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 39-ე ასამბლეისს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა მოისმინეს. ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ოლიმპურ ჩემპიონებსა და ხელისუფლების მხრიდან სპორტისა და სპორტსმენების ყურადღებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს 43 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის განვითარებაა.
"ჩვენ ვამაყობთ ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენებით. გვყავს 1000-ზე მეტი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი. მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, 1000-ზე მეტი სპორტული ობიექტი ავაშენეთ და გავზარდეთ ამ სფეროს დაფინანსება. შემოქმედებითი მიდგომა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა ასამბლეის 49 წევრმა მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა. ფარულ კენჭისყრაში, 49 დელეგატიდან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო. ქართული მხარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.