11 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ ალყა შემოარტყა ერევნის მერიას და შენობაში შეჭრა სცადა.
მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა დროულად აღკვეთეს შენობაში შეჭრის მცდელობები.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იშხან საღათელიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, გადაკეტონ მერიის ყველა შესასვლელი და გასასვლელი. მის ამ განცხადებას, მერიასთან საპოლიციო ძალების გაძლიერება მოჰყვა.
მოგვიანებით, საღათელიანმა მომიტინგეებს შენობის "განბლოკვისკენ" მოუწოდა და განაცხადა, რომ "მიზანი მიღწეულია".
"მოგიწოდებთ, განბლოკოთ შენობა და გავაგრძელოთ ჩვენი გამარჯვებული მსვლელობა. ხვალინდელ სომხეთში არ იქნებიან "შავები" და "თეთრები", "ჩვენ" და "ისინი", "ყოფილი" და "ამჟამინდელი", ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთიანობაში", - ციტირებს მის სიტყვებს სააგენტო "ინტერფაქსი".
ამავდროულად, News.am-ი წერს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მერიაში შესვლას არ აპირებენ, მათი მიზანი მხოლოდ იმ დაწესებულების მუშაობის ჩაშლაა, რომელსაც, მათი თქმით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აკონტროლებს.
17 აპრილიდან ერევანში საპარლამენტო ოპოზიციისა და რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფის მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი პარლამენტში "მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში თამასის დაწევისა" და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მოწოდებით გამოვიდა.
30 აპრილს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა არტურ ვანეციანმა, რომელიც ადრე ფაშინიანის მცდელობისა და ხელისუფლების უზურპაციის ბრალდებით დაკავებული იყო, განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციური ძალა ერთიანდება ფაშიანის გადადგომის მოთხოვნის გარშემო. მისი თქმით, თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, გატარდება ზომები აზერბაიჯანთან "ცალმხრივი დათმობების" თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან ურთიერთობის გასაღრმავებლად.