რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს, 9 მაისს, მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და თავისი გამოსვლის უმეტესი ნაწილი უკრაინაში გაჩაღებულ ომს მიუძღვნა.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო "იძულებითი ღონისძიება".
პუტინის თქმით, რუსეთმა "წინმსწრები პასუხი გასცა აგრესორებს", მან მოსკოვის ქმედებებს "იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება" უწოდა.
"რუსეთმა მოუწოდა დასავლეთს პატიოსანი დიალოგისკენ და გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებების ძიებისკენ, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. ყველაფერი სულ ტყუილად. ნატო-ს ქვეყნებმა არ მოინდომეს ჩვენი გაგება, ეს კი ნიშნავს, რომ მათ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ. და ჩვენ ეს დავინახეთ. ღიად მიმდინარეობდა მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება დონბასში და ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრისთვის, მათ შორის ყირიმში. კიევში საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შექმნაზე. ნატო-მ დაიწყო მის საზღვრებთან მდებარე ტერიტორიების აქტიური ათვისება", - თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, მოსკოვში აღლუმში მონაწილეობის მიღება სურდათ შეერთებული შტატების ვეტერანებს, მაგრამ მათ ეს "აეკრძალათ". აღლუმს, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, დონბასში საბრძოლო ზონიდან ჯარისკაცები ესწრებოდნენ. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებას "დაღუპულთა და დაჭრილთა შვილების განსაკუთრებული მხარდაჭერის შესახებ".
ამასთან, პუტინს არაფერი უთქვამს უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით, კრემლის ახალი გადაწყვეტილებების შესახებ. მანამდე, დასავლეთი ვარაუდობდა, რომ აღლუმზე გამოსვლისას, შესაძლოა, პუტინს უკრაინისთვის ომი ოფიციალურად გამოეცხადებინა.
მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმი უკვე დასრულდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობა მიიღო 11 ათასამდე სამხედრომ. დაგეგმილი იყო წითელ მოედანზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების გადაფრენა, თუმცა "უამინდობის გამო", ეს გეგმა ჩაიშალა.