მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართული სამახსოვრო ღონისძიებები, რომელიც კვირას, 8 მაისს, პარიზში გაიმართა, უკრაინის ომმა დაჩრდილა.
ნაცისტურ გერმანიაზე მოკავშირეების გამარჯვების პატივსაცემად გამართული ტრადიციული ცერემონიის ფარგლებში, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გვირგვინით შეამკო გენერალ შარლ დე გოლის ძეგლი ელისეის მინდვრებზე.
ამის შემდეგ საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა სიმბოლურად აანთო ცეცხლი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე, ტრიუმფალური თაღის ძირში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულებას აღნიშნავს, "ის არ ივიწყებს ჯარისკაცებს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, მათ შორის უკრაინელებსა და რუსებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში". ამავდროულად, მან დაგმო "მეხსიერების ინსტრუმენტალიზაციისა და მანიპულირების ნებისმიერი ფორმა".
თითქმის 6-წლიანი ომის შემდეგ, 1945 წლის 8 მაისს მოკავშირეებმა ოფიციალურად მიიღეს ნაცისტური გერმანიის უპირობო დანებება. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი ამ თარიღით არ დასრულებულა, რადგან მოკავშირეების წინააღმდეგ მებრძოლი იაპონიის კაპიტულაცია მოგვიანებით, 1945 წლის ავგისტოში გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომმა 50 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.