უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ იგი მხარს არ უჭერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებას. ამის შესახებ ორბანმა პარასკევს დილით რადიოინტერვიუში განაცხადა.
ორბანმა თქვა, რომ მისი მთავრობა ეწინააღმდეგება საეკლესიო მოღვაწეების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას, რადგან "ეს საფრთხეს შეუქმნის რელიგიურ თავისუფლებას".
ერთი დღით ადრე ორბანმა ევროკომისიისადმი მიწერილ წერილში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს "ისტორიული შეცდომა" უწოდა.
მანამდე, სააგენტო AFP-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტის ფარგლებში, შემზღუდავი ზომების დაწესებას გეგმავს პატრიარქ კირილის წინააღმდეგ.
ამასთან, ვიქტორ ორბანი არ არის თანახმა, მხარი დაუჭიროს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას. მისი თქმით, უნგრეთის ეკონომიკისთვის რუსულ ნავთობზე უარის თქმა, "ბირთვული ბომბის" ტოლფასი შედეგების მომტანი იქნება.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებით წინადადებები 4 მაისს წარადგინა. ახალი პაკეტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ უნდა დამტკიცდეს. ამასთან დაკავშირებით ელჩები შეხვედრას 7 მაისს გამართავენ. Bloomberg-ის ცნობით, სანქციების საბოლოო ვერსია შესაძლოა შეიცვალოს.