საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, სენ ტროპეში დააყადაღეს მდიდრული ვილა Copab, რომელიც "რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ Schemes-ის ინფორმაციით, "ალფა ბანკის" დამფუძნებლის, ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანის ოჯახს ეკუთვნის. იტყობინება The Insider-ი.
ვილის დაყადაღება ევროკავშირის სანქციების ფარგლებში განხორციელდა.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვილა რეგისტრირებულია ფრანგულ კომპანია SNC COPAB-ში. მისი ბენეფიციარები არიან მიხაილ ფრიდმანის ქალიშვილები ლარისა და ეკატერინა ფრიდმანი, კიდევ 1% ეკუთვნის მის ყოფილ მეუღლეს ოლგა აიზიმანს.
როგორც ირკვევა, ფრიდმანი ვილის გაქირავებიტ თვეში 180 000 ევროდან 440 000 ევრომდე გამოიმუშავებდა. ვილის ტერიტორიაზე არის საცურაო აუზი, საუნა, ჰამამი, ჯაკუზი და ვერტმფრენის დასაფრენი მოედანი.
მიხაილ ფრიდმანი ერთ-ერთი პირველი რუსი ოლიგარქია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოექცა. 17 მარტს ფრიდმანმა თქვა, რომ მისი საბანკო ბარათი დაბლოკილია. ოლიგარქმა გამოცემა Bloomberg-თან დაიჩივლა, რომ ახლა ლონდონის სასახლის დასუფთავების საფასურსაც ვერ იხდის.