მინსკში, 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა დამოუკიდებელი ბელარუსის პირველი ლიდერი სტანისლავ შუშკევიჩი.
აპრილში, გარკვეული დროის განმავლობაში, შუშკევიჩი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. მისი მეუღლის ინფორმაციით, სიცოცხლის ბოლო დღეების განმავლობაში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
სტანისლავ შუშკევიჩი 1991-1994 წლებში ხელმძღვანელობდა ბელორუსის უმაღლეს საბჭოს (პარლამენტს). 1991 წლის 8 დეკემბერს ბელარუსის სახელით მან ხელი მოაწერა "ბელოვეჟის შეთანხმებას" საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციისა და დსთ-ს შექმნის შესახებ.
1994 წლის ზაფხულში შუშკევიჩმა მონაწილეობა მიიღო ბელარუსის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მეოთხე ადგილზე გავიდა.
შუშკევიჩი იყო ლუკაშენკას ძლიერი კრიტიკოსი, თუმცა ბოლო წლებში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აღარ ეწეოდა.