შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ლენდ-ლიზის კანონი, რომელიც შესაძლებელს გახდის უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფრო ეფექტურად მიწოდებას.
ინიციატივას მხარი დაუჭირა 417-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგ მხოლოდ 10 წავიდა.
დოკუმენტი სახელწოდებით "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი" დააჩქარებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა სამხედრო მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
აღნიშნული კანონპროექტი 7 აპრილს დაამტკიცა სენატმა. იმისათვის, რომ აქტი ძალაში შევიდეს, მას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.
ლენდ-ლიზის პროგრამა, რომელიც პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მან საშუალება მისცა ამერიკას, მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა სამხედრო დახმარება ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.