პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო" ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინადადებას სკოლებში მეგრული და სვანური ენების არჩევით საგნებად სწავლების შესახებ.
"ქართული კულტურის მრავალფეროვნება სიმდიდრეა და არა საფრთხე. საფრთხეა მტერი, რომელიც მრავალფეროვნების შიშს ჩვენ წინააღმდეგ იყენებს - იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, მტერი უნდა განეიტრალდეს და არა მრავალფეროვნება.
მეგრული და სვანური, რომლებიც ენებს წარმოადგენენ და არა ქართულის დიალექტებს, ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების მონაპოვარია და მათი საფრთხედ დასახვა აძლიერებს რუსული პროპაგანდის გზავნილს, თითქოს კულტურული სხვადასხვაობა ადასტურებს, რომ ქართველი ერი არ არის ერთიანი - სინამდვილეში, პირიქით - ჩვენი განსხვავებულობა ჩვენი ერთიანობის განმამტკიცებელია.
რაც შეეხება მეგრული და სვანური ენების სასკოლო პროგრამაში დამატებას, დეცენტრალიზებული განათლების სისტემისა და სკოლების პირობებში, საბაზო საგნების, მათ შორის, ქართული ენის მიღმა, მშობლები და სასკოლო საბჭოები უნდა წყვეტდნენ ადგილზე, რა დამატებითი საგნების სწავლება სურთ თავიანთი შვილებისთვის, ცენტრალური ხელისუფლების ნაცვლად", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა წინადადებით, მეგრული და სვანური ენები საჯარო სკოლებში არჩევით საგნებად ისწავლებოდეს.