"წარმომადგენლობითი სახალხი კრების" ორგანიზებით, დაუმორჩილებლობის კომიტეტები შეიქმნება.
ამის შესახებ წარმომადგენლობითი სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, კომიტეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება და ის, დღევანდელი რეჟიმის შეცვლის საფუძველი გახდება.
"ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კრება არ ჩატარებულიყო, თუმცა კრება შედგა და აქ წარმოდგენილი 15 ათასი დელეგატი და მათ უკან მდგომი 850 ათასი ადამიანი საფუძველს გვაძლევს იმისას, რომ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე მივიყვანოთ. სწორედ კრება გახდება საწინდარი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟის. ჩვენ შევქმნით დაუმორჩილებლობის კომიტეტებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველა რეიგონში ავირჩევთ დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრებს და ჩვენი ერთობლივი ქმედებით მივაღწევთ იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება და რეჟიმი შეიცვალოს" - განმარტა ბურჯანაძემ.
მისივე განმარტებით, "სახალხო კრება" ხელისუფლებაზე მორგებული კონსტიტუციით არ იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე "წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე" სათათბირო დარბაზის შემადგენლობა განისაზღვრა (ნინო ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, ლერი ხაბელოვი, გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა და სხვ). ასევე დამტკიცდა აღმასრულებელი ორგანო და მოხდა სახალხო კრების რეზოლუციის მიღება.