საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება.
შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს.
2021 წლის დეკემბერში შედგა მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი, რისთვისაც სამინისტრომ 133 331 ლარი გაიღო. პროექტირების სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად კულტურის სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება.
შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1 248 365 ლარს შეადგენს.
რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი.
ინფორმაციისთვის, სოფელ მარნის კულტურის სახლი აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, სოფელ მარნის აღმოსავლეთ განაპირას, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირთან. 1980-იან წლებში განხორციელებული კაპიტალური რემონტისა და გადაკეთების გამო, XX საუკუნის დასაწყისის შენობისგან ამჟამად მხოლოდ მოზაიკის იატაკი და ნალესობით დაფარული აგურის წყობაა შემორჩენილი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კლუბი, მოზრდილი სცენით, სადაც თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა და კინო-ფილმების ჩვენებები ეწყობოდა. კედლებსა და ჭერში მუზები არიან გამოსახულნი. ერთ-ერთ ნახატზე მითითებულია ავტორი - იური ფიფია (1988 წ.), ხოლო მეორე, დაზიანებული ნუსხური წარწერა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს: „დალოცვილ იყოს მათი მარჯვენა რომელთა მეცადინეობით დამშვენდა სახლი ესე შიგნით და გარეთ. ხელმძღვანელები - რომან კიზირია და გიორგი დონდუა. არქიტექტორი - ვალერი ნოდია. მხატვრები - ბონდო ტკვაცირია და იური ფიფია ათას ცხრაას ოთხმოცდარვა წელს ქრისტეს დაბად“.




