წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტი გამოაცხადა.
აღნიშნული საკითხი წამომადგენლობით სახალხო კრებაზე დააყენა მსახიობმა გია ბურჯანაძემ, რომელსაც მხარი შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად დაუჭირა.
სახალხო კრების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის ერთადერთი და მშვიდობიანი კონსტიტუციური გზა იმპიჩმენტია, რომლის უფლებამოსილება, კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარალმენტს ეკუთვნის.
დელეგატების შეფასებით, საქართველოს პარლამენტი უუნაროა, კორუმპირებული ჩინოვნიკები ხელისუფლებას ჩამოაშოროს.
"საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს ქართველი ხალხის რეალურ წარმომადგენლობას და მისი მეშვეობით ხალხი ვერ ახორციელებს თავის ნება-სურვილს. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის პროტესტმა, პრეზიდენტ სააკაშვილის ნებაყოფლობითი გადადგომის მოთხოვნით, შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ საქართველოს ხალხი უშუალო დემოკრატიის მეშვეობით თავის თავზე იღებს პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილებას, მისთვის უნდობლობის გამოცხადებით. აუცილებელია ქვეყანა დაღუპვისაგან გადაარჩინოს და ის ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები დაიცვას, რომელსაც ყოველი ღირსეული ერი ესწრაფვის და აღწევს კიდეც",- ნათქვამია "საქართველოს ხალხის უნდობლობის ვერდიქტში", პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
ამასთან "ვერდიქტში" მოყვანილია ის მიზეზები, რის გამოც შეკრებილი საზოგადება საქართველოს პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებს.
კერძოდ, სახელმწიფო ხელისუფლების აბსოლუტიზაცია და მონოპოლიზაცია; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები; ხელისუფლების კორუფციული სისტემა, რომელშიც ზღვარი არ აქვს განუკითხაობასა და ჩინოვნიკებით თავნებობას; მართვის მანკიერი სისტემებისა და ისეთი ფორმების დანერგვას, რომელიც ბღალავს ადამიანის ღირსებას; დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების, ასაკობრივი, თუ სხვა ნიშნით;
ასევე დელეგატებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა თავისი ქმედებით, თუ უმოქმედობით, ფეხქვეშ გათელა ადამიანის ძირითადი უფლებანი - სიცოცხლის, საკუთრების, თავისუფალი არჩევნების და აზრის გამოხატულების თავისუფლება.
"დამკვიდრდა სახელმწიფო რეკეტი, კორუფციული სისტემა. ასევე ხდება სახელმწიფო სახსრების უკანონო და არამიზნობრივი გამოყენება, ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებისა და დამტკიცებისთვის. უპასუხისმგებლო, უგუნური და უუნარო ქმედებით პრეზიდენტმა საქართველოს ვერ ააცილა დამღუპველი ომი რუსეთის წინააღმდეგ. შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ასობით ადამიანი დაიღუპა, უსახლკაროდ დარჩა და ამ ომის გამო ქვეყანამ მიიღო უზარმაზარი მატერიალური და აუნაზღაურებელი ეკოლოგიური ზიანი. ასეთი საქციელისთვის საქართველოს ხალხი სულ უნდობლობას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს. და პასუხისმგებლობის შეგნებით აცხადებს, რომ აღარ სცნობს მას ქვეყნის პრეზიდენტად და მთავარსარდლად. ამასთან ერთად ხალხი უნდობლობას უცხადებს საქართველოს მთავრობის პირველ პირებს", - ნათქვამია ვერდიქტში.
ამასთან "უნდობლობის ვერდიქტში" საუბარია, რომ ხალხი გამოხატავს მზადყოფნას, ახალი სამართლიანი არჩევნებით გადაწყვიტოს თავისი შემდგომი პოლიტიკური ბედი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს საქართველოში თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა.