რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინიდან საელჩოსა და საკონსულოების პერსონალის ევაკუაციის შესახებ. იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, ევაკუაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამშაბათს უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ "2014 წლიდან კიევში რუსეთის საელჩო და გენერალური საკონსულოები ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში მუდმივი თავდასხმების ქვეშ არიან".
"აგრესიული ქმედებების ობიექტი რუსი დიპლომატებიც გახდნენ. მათ ფიზიკური ძალადობის მუქარა მიიღეს. მათ მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების საპირისპიროდ, კიევის ხელისუფლებამ არ მოახდინა რეაგირება იმაზე, რაც ხდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
"შექმნილ ვითარებაში ჩვენი უპირველესი ამოცანაა ვიზრუნოთ რუს დიპლომატებზე და საელჩოსა და გენერალური საკონსულოების თანამშრომლებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის ევაკუაციის შესახებ, რომელიც განხორციელდება უახლოეს მომავალში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.