რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს, "ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში" "მშვიდობის უზრუნველსაყოფად" რუსეთის ჯარების გაგზავნა დაავალა. ამის შესახებ ნათქვამია სეპარატისტული რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ გამოცემულ განკარგულებაში.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან "დიპლომატიური ურთიერთობების" დამყარების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის სამხედროების განთავსებას გეგმავს მოსკოვი სეპარატისტულ რეგიონებში.
ცოტა ხნის წინ, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. დასავლეთმა მკაცრად დაგმო მოსკოვის ეს ნაბიჯი და ვითარების მორიგ ესკალაციად შეაფასა.