მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონმა გაეროში ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს მიშელ ბაჩალეტს წერილობით მიმართა, რომელშიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევში მოსახლეობისთვის მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს.
გამოცემების, The New York Times-სა და The Washington Post-ის, ასევე სააგენტოების Reuters-ის, AFP-ისა და dpa-ს ცნობით, რუსეთმა შეადგინა უკრაინელების სია, რომლებიც შეჭრის შემთხვევაში უნდა მოკლან ან ბანაკებში გაგზავნონ.
წერილის თანახმად, შეერთებული შტატები ფლობს სარწმუნო მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ შედგენილ მსგავს სიებზე.
"ამის გარდა, გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ნდობას იმსახურებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდი ალბათობით გამოიყენებენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად სასიკვდილო ზომებს", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ნელ კროკერი.
მისი თქმით, რუსეთში იგეგმება ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემხვევაში. ანალოგიური ოპერაციების დროს წარსულში მსგავსი ზომები მოიცავდა მიზანმიმართილ მკვლეობებს, გატაცებებს, უსაფუძვლო დაკავებებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებასა და წამებას.
სავარაუდოდ, მსგავსი ზომები გატარდება მათ მიმართ, ვინც რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ გამოდის, მათ შორის უკრაინაში მცხოვრები რუსი და ბელარუსი დისიდენტების, ჟურნალისტებისა და კორუფციასთან მებრძოლი, ასევე მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების - რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტ პირების მიმართ.
თეთრ სახლში წერილის ნამდვილობას ადასტურებენ. თუმცა კრემლში აღნიშნულ ინფორმაციას სიყალბე უკვე უწოდეს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ასეთი წერილი არ არსებობს. "ეს სიცრუეა. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს აბსოლუტურად გამოგონილი ამბავია. ეს "ფეიკია", - განაცხადა მან.