შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.
"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენს წერილში, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ამერიკული მხარის პასუხად, ვაშინგტონს 17 თებერვალს გადავეცით, ცალსახად არის ნათქვამი, არავითარი რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რასაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გასული შემოდგომიდან ოფიციალურ დონეზე ამბობენ, არ არის დაგეგმილი. ესკალაციასთან დაკავშირებით რუსეთის პასუხისმგებლობაზე გამოთქმული ბრალდებები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ზეწოლის მცდელობა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის წინადადებების გაუფასურება", - განაცხადა ანტონოვმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში.
ანტონოვის თქმით, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გავრცელებული "ჭორები არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რათა დაამახინჯოს რეალური მდგომარეობა და წარმოაჩინოს რუსეთი უკიდურესად ნეგატიური კუთხით".
"ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გამოხატა მზაობა, რომ პრობლემები დიპლომატიური გზით გადაიჭრას", - დასძინა ელჩმა.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემების თანახმად, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.
დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს.