კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ჯერ არავის დასხმია თავს და საერთოდაც, სიტყვა "ომის" ხსენებაც კი არ უნდა. ამის შესახებ პესკოვმა სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ტელეკომპანია "რასია-1"-ის ეთერში განაცხადა.
"შეგახსენებთ, რომ რუსეთი, თავისი ისტორიის განმავლობაში, თავს არავის დასხმია. რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საერთოდ სიტყვა "ომის" წარმოთქმა სურს", - თქვა პესკოვმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქმედებები, რომელიც ყოველდღიურად აცხადებს უკრაინაში რუსეთის სავარაუდო შემოჭრის თარიღს, არის პროვოკაციული ხასიათის, იწვევს დაძაბულობის ესკალაციას.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ჯო ბაინდენმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემების თანახმად, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.
დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება.