ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის განცხადებით, პეკინი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვირტუალური გამოსვლისას განაცხადა.
ვან ის თქმით, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს, რათა ომის გაჩაღების ნაცვლად, უკრაინის ირგვლივ კრიზისის დეესკალაციას მიაღწიოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს, რაც ეხება უკრაინასაც.
"ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმა, რომელიც გაეროს წესდების მიზნებს შეესაბამება. ეს არის ჩინეთის თანმიმდევრული და პრინციპული პოზიცია. და ეს ეხება უკრაინასაც", - თქვა ვან იმ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის უსაგნო სენსაციალიზმი და პეკინის პოზიციის დამახინჯება.
ვან იმ დასძინა, რომ პეკინი იმედოვნებს, ყველა მხარე გააგრძელებს დიალოგს, რათა იპოვონ გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპული უსაფრთხოების დაცვას.
ჩინეთმა, რომელსაც დაძაბული ურთიერთობები აქვს დასავლეთთან, არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა რუსეთს, მათ შორის უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ფონზე.
თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა განაცხადეს, რომ ორივე მხარე ეწინააღმდეგებოდა "ნატოს შემდგომ გაფართოებას".