გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩის, ანდრეი კელინის განცხადებით, რუსეთი "სანქციებს მიჩვეულია". ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა Times Radio-სთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთის სანქციების საფრთხის მიუხედავად, რუსეთი ამის გამო არ ღელავს.
"სანქციები ცუდია ურთიერთობებისთვის, ბიზნესისთვის და ბაზრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვღელავთ. წლების განმავლობაში აშშ-მა 58 სხვადასხვა ღონისძიება განახორციელა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ჩვენ ამას შეჩვეული ვართ", - ციტირებს ელჩის სიტყვებს ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს "ტვიტერის" გვერდი.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ჯო ბაინდენმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემების თანახმად, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო.
დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება.