აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. ლიდერებმა 18 თებერვალს ინტერნეტში გამოაქვეყნეს ვიდოემიმართვები, სადაც ისინი მოსახლეობის რუსეთში მასობრივი და სასწრაფო ევაკუაციის დაწყების შესახებ იტყობინებიან.
ე.წ. დონეცის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტი ლიდერი დენის პუშილინი ვიდეომიმართვაში ამბობდა, რომ 18 თებერვლიდან იწყება მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია რუსეთში. ცოტა ხნის შემდეგ, მსგავსი შინაარსის ვიდეო გაავრცელა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტმა ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა.
ვიდეოში პუშილინი ამტკიცებს, რომ უკრაინის ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ გარდაუვალია".
უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს.
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, მათ ვიდეოების მეტამონაცემების ანალიზი ჩაატარეს, რამაც ცხადჰყო, რომ კადრები რეალურად ორი დღით ადრე იყო ჩაწერილი, რაც ნათელს ჰფენს ევაკუაციის წინასწარ დაგეგმვის განზრახვას.
CNN-ის ცნობით, ორივე ვიდეოფაილის შექმნის თარითად 14 თებერვალია მითითებული.
უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" განცხადებით, კიევი არ განიხილავს თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების ოკუპანტებისგან სამხედრო გზით გათავისუფლების შესაძლებლობას.
"უკრაინას არ აქვს დაგეგმილი და არც გეგმავს თავდასხმით ოპერაციას დონბასში", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, რუსეთი აწყობს პროვოკაციებს დონბასში და რეგიონის მაცხოვრებლების ევაკუაცია რუსეთში, რომელიც დაიწყო 18 თებერვალს აღარიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ხელისუფლების მიერ, განიხილება, როგორც "უკანონო დეპორტაცია“.
ბოლო დღეების განმავლობაში, დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავს "ცრუ დროშის ოპერაციას", ყალბ საბაბს, რათა გაამართლოს უკრაინაში შეჭრა. სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ეს შეიძლება იყოს ყალბი, დადგმული ტერორისტული დაბომბვა რუსეთის შიგნით, მასობრივი სამარხების გამოგონილი აღმოჩენა, დრონებით დადგმული შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობაზე, "ყალბი ან თუნდაც რეალური" ქიმიური თავდასხმა, რასაც რუსეთი "ეთნიკურ წმენდად" ან "გენოციდად" შეაფასებს.