რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ დონეცკის სეპარატისტულმა ლიდერმა დენის პუშლინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"მოვუწოდებ თანამემამულეებს, რომლებიც რეზერვში არიან, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში", - თქვა მან ვიდეომიმართვაში.
ოდნავ მოგვიანებით, საყოველთაო მობილიზაცია ასევე გამოაცხადა სეპარატისტული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმაც.
თვითგამოცხადებული ლუგანსკის სეპარატისტულმა ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ "რესპუბლიკის" ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ 18-55 წლის მამაკაცებს.
ამასთან, ე.წ. ლუგანსკის აღმასრულებელ ხელისუფლებას უფლება მიეცა, მოქალაქეებსა და საწარმოებს "თავდაცვითი საჭიროებისთვის აუცილებელი" მანქანები და ქონება ჩამოართვან.
ამავდროულად, უკრაინი მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" განცხადებით, კიევი არ განიხილავს თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკების ოკუპანტებისგან სამხედრო გზით გათავისუფლების შესაძლებლობას.
"უკრაინას არ აქვს დაგეგმილი და არც გეგმავს თავდასხმით ოპერაციას დონბასში", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის განცხადებით, რუსეთი აწყობს პროვოკაციებს დონბასში და რეგიონის მაცხოვრებლების ევაკუაცია რუსეთში, რომელიც დაიწყო 18 თებერვალს აღარიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ხელისუფლების მიერ, განიხილება, როგორც "უკანონო დეპორტაცია“.
18 თებერვალს, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. ლიდერებმა მოსახლეობის რუსეთში ევაკუაციის შესახებ გამოაცხადეს.
19 თებერვლის დილისთვის დონბასის ათასობით მაცხოვრებელი გადაიყვანეს როსტოვის ოლქში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებმაც გამოაცხადეს მზადყოფნა მოქალაქეთა მისაღებად.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 18 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ „უახლოეს დღეებში“ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმას ელის. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის "დარწმუნებულია", რომ პუტინმა უკვე "გადაწყვიტა" უკრაინაზე თავდასხმა, მათ შორის კიევის აღება.