პარასკევს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი საზოგადოებას აგრესიის შეკავების მიზნით ვაშინგტონის დიპლომატიური მცდელობებისა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების დაგროვების შესახებ განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.
განცხადება თბილისის დროით 01:00 საათზე გაკეთდება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის თაობაზე განცხადება ბოლოს 17 თებერვალს, თეთრი სახლის წინ რეპორტიორებთან გააკეთა.
მაშინ ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკი ძალიან მაღალია და ეს შესაძლოა უახლოეს დღეებში მოხდეს. მისივე თქმით, ვაშინგტონს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ რუსეთი ამზადებს "ცრუ დროშის ოპერაციას", ყალბ საბაბს, რათა გაამართლოს უკრაინაში შეჭრა.
ოდნავ მოგვიანებით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს მაღალი რისკის იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში უახლოეს დღეებში შეიჭრას. ამასთან, ბლინკენის განცხადებით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის მტკიცების მიუხედავად, მას გაჰყავს თავისი ძალების უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებიდან.