გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განმარტა ბერლინის პოზიცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის როლის გათვალისწინებით, ბერლინს არ სურს, გადაუხვიოს თავის პრინციპებიდან იარაღის მიწოდების თაობაზე.
მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრეზიდენტის თქმით, ბერლინს აქამდეც გადაუხვევია თავისი პრინციპებიდან, როდესაც იარაღს აწვდიდა რეგიონებს, სადც კონფლიქტი იყო გაჩაღებული.
"ჩვენ ყველა ერთნაირები არ ვართ, თუმცა ერთ მხარეს ვდგავართ. ჩვენ გვაქვს განსხვავებული როლი, განსხვავებული წარსული. როცა უკრაინაში ვიყავი, ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არა მარტო რუსეთის, არამედ უკრაინის წინაშეც. ამ ისტორიის გამო ჩვენ მშვიდობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა გვაქვს. თუ გადავხედავთ პოლონეთს, საფრანგეთს, მათ მაშინ თავს დაესხა ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. ამიტომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენი პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ გერმანია აღარასოდეს ჩაერთოს ომში ან გენოციდში", - თქვა ანალენა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ეს პრინციპები კანონმდებლობაშია გაწერილი და ქვეყანა იარაღს ყიდის მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე.
ამავდროულად, ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, როგორც ფინანსური, ასევე დიპლომატიური საშუალებებით.