ძიძებისა და რეპეტიტორების დაკავების და მათი დაბეგვრისა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და სპეციალური განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ძიძებისა და რეპეტიტორების დაკავების, მათი დაბეგვრისა და დაჯარიმების შესახებ. ფინანსთა სამინისტრო წუხს, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეაშფოთა ამ დეზინფორმაციამ. სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აღნიშნული ჭორია და არ შეესაბამება სინამდვილეს.
"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით, შეგნებულად ხდება შემოსავლების სამსახურისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია. ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს მოკვლევას, რათა დადგინდეს რა მიზნით და ვინ გაავრცელა ასეთი ჭორი.
ფინანსთა სამინისტრო ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ ოფიციალურად აცხადებს, რომ მსგავსი რეგულაციები არ იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუკი კვლავ ექნება ადგილი მსგავს ფაქტებს, ჩვენი თხოვნაა, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს 077 ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.