რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, შეერთებულმა შტატებმა გერმანიაში განლაგებული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების ნაწილი, "რეგიონული უსაფრთხოების განსამტკიცებლად", რუმინეთში გაგზავნა.
აშშ-ის საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის განცხადებით, გამანადგურებლები რუმინეთის ფეტეშტის საჰაერო ბაზაზე უკვე ჩავიდნენი.
ფეტეშტის ბაზა შავი ზღვის სანაპიროდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ამ დროისთვის, იქ იტალიური საბრძოლო თვითმფრინავებია განლაგებული.
"გამანადგურებელების ეკიპაჟები მჭიდროდ ითანამშრომლებენ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებთან, რათა გააძლიერონ რეგიონალური უსაფრთხოება უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების განლაგებით გამოწვეული დაძაბულობის დროს", - ნათქვამია გერმანიაში ბაზირებული აშშ-ის საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის განცხადებაში.
სარდლობა არ აკონკრეტებს, რამდენი თვითმფრინავი გაიგზავნა რუმინეთში.
ამერიკელი მფრინავები ნაწილობრივ პასუხისმგებელნი იქნებიან ნატო-ს საჰაერო სივრცის დაცვაზე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მახლობელ რეგიონში.
ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ფეარფორდის (Fairford) ავაიბაზაზე ჩავიდა B-52H ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა.
ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებისთვის F-15 Eagles-ის ტიპის მოერიშეების ჯგუფი გაგზავნა.
მანამდე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, 3000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნა გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეების მხარდასაჭერად.