ინდონეზიის ახალ დედაქალაქს, რომელიც კუნძულ კალიმანტანის სამხრეთ-აღმოსავლეთით აშენდება, გადაწყდა, რომ დაერქვას ნუსანტარა, რაც თარგმანში "არქიპელაგს" ნიშნავს.
ახალი დედაქალაქი ბორნეოს კუნძულის აღმოსავლეთით, კალიმანტანის პროვინციაში, ქალაქ სამარინდასა და საპორტო ქალაქ ბალიკპაპანს შორის, გაშენდება.
მშენებლობის დაწყებას ხელი პანდემიამ შეუშალა. ინდონეზიის ხელისუფლება იტყობინება, რომ პროექტის განახლება ორ წელიწადში იგეგმება.
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ქვეყნის დედაქალაქის ჯაკარტიდან სხვა ქალაქში "გადატანის" განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა.
ვიდოდოს განცხადებით ქვეყნის ახალი დედაქალაქი ბორნეოს კუნძულზე ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა რეგიონში აშენდება. ახალი დედაქალაქის გვერდით კი ეროვნული პარკი იქნება რომელშიც გორილების იშვიათი სახეობა ბინადრობს.
პრეზიდენტ ვიდოდოს თქმით, სამწლიანმა ინტენსიურმა კვლევამ კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილი, კალიმანტანის პროვინცია დედაქალაქისთვის იდეალურ მდებარეობად მიიჩნია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი დედაქალაქი დაცული იქნება ინტენსიური მიწისძვრებისა და წყალდიდობისგან.
დედაქალაქის მშენებლობა 10 წელს გაგრძელდება და სავარაუდო წინასწარი ღირებულება 32 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნება.
პრეზიდენტის განცხადებით, ინვესტიციების მხოლოდ 19 პროცენტი იქნება ბიუჯეტიდან გამოყოფილი. დანარჩენი თანხა ბიზნესიდან და პირდაპირი ინვესტიციებით შეივსება.
ჯაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია. იგი ინდონეზიის მთავარი საპორტო ქალაქი და კომერციული ცენტრია.
