პარლამენტმა 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
გადაწყვეტილება 88 ხმით იქნა მიღებული. ცვლილებების წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების თანახმად დამტკიცებული ბიუჯეტი 87.7 მილიონი ლარით იზრდება. პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5387 მილიონი ლარით განისაზღვრა.
საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახსრები 11 მილიონი ლარით იზრდება, მათგან 8.5 მილიონი ლარით - სამედიცინო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახსრები, ხოლო 2.1 მილიონი ლარით - მოსახლეობის სპეციალური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 12.3 მილიონი ლარით იზრდება, რაც ქვეყნის ინვესტიციური და ტურისტული პოტენციალების ასამაღლებლად უნდა იყოს მიმართული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-3 არხის ფუნქციონირებისათვის დამატებით 13.3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, 13.3 მილიონი ლარით მცირდება ასიგნებები საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისთვის, მათ შორის 11.8 მილიონი ლარით - საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო 1.5 მილიონი ლარით - საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვა.
პროექტის მიხედვით, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების კორექტირება 66.9 მილიონი ლარით განხორციელდა. კერძოდ, დაფინანსების ასიგნებები იზრდება 77.4 მილიონი ლარით, მათ შორის 56.6 მილიონი ლარით - შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ასიგნებები, ხოლო 10.5 მილიონი ლარით - თანადაფინანსების ასიგნებები.