რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით „განსაკუთრებულ განხილვას“ საჭიროებს.
პუტინის თქმით, რუსეთი მხარს დაუჭერს ყველაფერს, რაც, მისი განცხადებით, სომეხი ხალხისთვის სასარგებლო იქნება.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ სომხეთმა უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან დაკავშირებით. პუტინის მტკიცებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირ ფარგლებში სომხეთი მნიშვნელოვან უპირატესობებს იღებს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ერევანმა რაც შეიძლება მალე უნდა „განსაზღვროს თავისი არჩევანი“ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში „ცივილური ‘განშორების’ გზა იქნება შესაძლებელი“.
„ჩემი აზრით, სწორი იქნება როგორც სომხეთის მოქალაქეების, ისე ჩვენ მიმართაც, როგორც მთავარი ეკონომიკური პარტნიორის მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე განსაზღვრონ თავიანთი არჩევანი. მაგალითად, ჩაატარონ რეფერენდუმი - ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ პრინციპში ეს სავსებით ლოგიკური იქნებოდა. ჩაატარონ რეფერენდუმი და ჰკითხონ სომხეთის მოქალაქეებს, როგორი იქნება მათი არჩევანი. ამის შესაბამისად ჩვენც გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს და წავალთ რბილი, ცივილიზებული და ორმხრივად მომგებიანი „განშორების“ გზით“, - განაცხადა პუტინმა.