ვენის სასამართლოს ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაკითხვა სურს. საქმე 2009 წელს წარმოშობით ჩეჩენი უმარ ისრაილოვის მკვლელობის გამოძიებას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანც-პრესი" ავრცელებს.
წარმოშობით ჩეჩენი 36 წლის უმარ ისრაილოვი ვენაში 2009 წლის იანვარში მოკლეს, მისი სასამართლო პროცესი ავსტრიის დედაქალაქში 16 ნოემბერს დაიწყო. სასამართლოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამი განსასჯელი ჰყავს თუმცა მათი ვინაობა არ ხმაურდება.
"ფრანს-პრესის" ინფორმაციით, სასამართლოს პროცესის თავმჯდომარე მოსამართლემ ფრიდრიხ ფორსტხუბერმა დაცვის მხარეს მიმართა და დაინტერესდა შესაძლებელია თუ არა ტელეკონფერენციის ჩატარება ჩეჩნეთის მეთაურის მონაწილეობით და მზად არის თუ არა თავად კადიროვი მონაწილეობა მიიღოს მსგავს ღონისძიებაში.
სამი მამაკაცი რომელიც ამჟამად ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო იზოლატორში არიან მოთავსებულნი მკვლელობის ხელის შეწყობაში არიან დადანაშაულებულნი. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ პირადად ის ადამიანი, რომელმაც ისრაილოვს ესროლა მიმალვაშია.
ადრე ავსტრიული მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოკლული ისრაილოვი რამზან კადიროვის ყოფილი დაცვის წევრი იყო. ისრაილოვი ავსტრიაში 2006 წელს გაიქცა. 2006 წლის ბოლოს მან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს სისტემატიურად ადამიანების წამებასა და გატაცებაში სდებდა ბრალს 2003 - 2005 წლების პერიოდში.