ანტივაქსერული მოძრაობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მითს ავრცელებენ, რომლებიც ვაქცინაციის კამპანიას აზარალებს და მათ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ინფორმაცია მიკროჩიპებს უკავშირდება - მითის მიხედვით, ვაქცინებში არის უმცირესი ზომის მოწყობილობები, რომელთა სხეულში შეყვანის შემდეგაც, გავლენიანი ადამიანები - როგორიც არის, მაგალითად, ბილ გეითსი - მოსახლეობის კონტროლს შეძლებენ.
რეალურად, ასეთი ვაქცინა - არც კოვიდის და არც სხვა რომელიმე დაავადების წინააღმდეგ არ არსებობს. 2019 წლის დეკემბერში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტმა, რომლის სპონსორიც ბილ და მელინდა გეითსების ფონდი იყო, გამოაქვეყნა სტატია მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიის შესახებ, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი იქნებოდა, ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ადამიანის კანზე დატანა მელნის მსგავსი ინექციის შეყვანით, რომელსაც სმარტფონი წაიკითხავდა.
პროფესორ, ბიოინჟინერ კევინ მაკჰიუს განცხადებით, ასეთ ტექნოლოგიას არ შეუძლია პაციენტის გადაადგილებისადმი თვალის დევნება. პროფესორი აღნიშნულ პროექტზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად მუშაობდა. ტექნოლოგიის შექმნის მიზანი იყო, განვითარებად ქვეყნებში, სადაც გამართული სამედიცინო სისტემები არ არსებობს, სამედიცინო პერსონალს ჰქონოდა ბავშვის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოპოვების საშუალება.
დაახლოებით 2 წლის წინ კი ბილ გეითსმა ნამდვილად განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანიის გასაუმჯობესებლად ციფრული სერტიფიკატები საჭირო იქნებოდა, რომლებზეც, ვაქცინაციის გარდა, დატანილი იქნებოდა ტესტირების თუ გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მან ან მისმა ფონდმა ტექნოლოგია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმღებთა გასაკონტროლებლად შექმნა.
"არანაირი კავშირი ამ ვაქცინებსა და რაიმე სახის კონტროლს შორის არ არსებობს. არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა", - განაცხადა ბილ გეითსმა 2020 წელს CBS-თან ინტერვიუში.