ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ექსპერტების საგანგებო სხდომა მოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ექსპერტები იმსჯელებენ, რამდენად სახიფათოა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი. ამასთან, ექსპერტები გადაწყვეტენ, ახალი ვარიანტი, ამ ეტაპზე, არის თუ არა შეშფოთები საფუძველი.
ახალი შტამი B.1.1.529 თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა, თუმცა ამ დროისთვის, ის უკვე გაცდა მის საზღვრებს და დაფიქსირდა მეზობელ ბოტსვანასა და ასევე ჰონგკონგში.
ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდით, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს ვირუსის ახალ შტამს, ამტკიცებენ, რომ ის შესაძლოა უფრო მეტად შემაშფოთებელი იყოს, ვიდრე დელტა შტამი, რადგან მას ბევრად მეტი მუტაცია აქვს. სამეფო კოლეჯის ვირუსოლოგი ტომ პიკოკი ამტკიცებს, რომ ამ სახეობას 32 მუტაცია აქვს, რაც ზრდის მის შესაძლებლობას, იყოს ბევრად გავრცელებადი და ვაქცინის მიმართ მედეგი.
მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ მუტაციების რაოდენობის გათვალისწინებით, ახალი შტამი შესაძლოა ბევრად უფრო გადამდები აღმოჩნდეს.
ამასთან, მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მუტაციების ასეთი დიდი რაოდენობა შესაძლოა თავად ვირუსის წინააღმდეგაც მუშაობდეს, რადგან შესაძლოა, ის არასტაბილური გახადონ და ხელი შეუშალონ მის ფართო გავრცელებას.
სამხრეთაფრიკელი ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ დღეს არსებული ვაქცინები შესაძლოა, არ აღმოჩნდეს ახალი ვარიანტის მიმართ ეფექტური, თუმცა დაბეჯითებით მტკიცებისგან თავს იკავებენ, რადგან ჯერჯერობით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს და უფრო მეტი კვლევაა საჭირო.