რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო შეჭრის სულ უფრო და უფრო მზარდი საფრთხეების ფონზე, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი ანგელა მერკელი გამოდის მოწოდებით, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებისთვის.
ანგელა მერკელმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავეცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროკავშირის სანქციები უნდა მოჰყვეს.
სანქციების გაფართოების აუცილებლობაზე ანგელა მერკელმა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ვითარების გამწვავების კონტესქტშიც ისაუბრა.
მერკელმა აღნიშნა, რომ ბელარუსი პოლონეთის წინააღმდეგ მიგრანტებს იარაღად იყენებს, რასაც ევროკავშირი მედგრად უნდა აღუდგეს წინ. ამასთან, მან თქვა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოვლენილ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას ძვირი საფასური ექნება.
"ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მაღალი ფასი ექნება", – თქვა მერკელმა.
უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების გადაადგილებისა და უკრაინის ტერტორიაზე შეჭრის საფრთხის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ევროკავშირი, აშშ და ნატო.
კრემლი ტრადიციულად უარყოფს ბრალდებას და აცხდებს, რომ უკრაინაში შეჭრის განზრახვა არ აქვს.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.
უკრაინამ წლის დასაწყისში მიიღო ამერიკული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსები Javelin, რამაც მოსკოვის განრისხება გამოიწვია. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში თავისი მრჩევლების, ასევე დამატებითი შეიარაღების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.
ასევე შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საზღვაო ძალების შავ ზღვაში გაძლიერების მიზნით, კიევს ორი საპატრულო კატარღა გადასცა.