ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაგმო და აქციის მონაწილეებს "იდიოტები" უწოდა, რადგან მისი თქმით, დემონსტრანტები კოვიდრეგულაციებს ძალადობის გასამართლებლად იყენებენ.
"მესმის, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაძაბული ფონია, რადგან უკვე დიდი ხანია კოვიდინფექციას ვებრძვით. როგორც ლიბერალი პოლიტიკოსი, ყოველთვის გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვიქნები, თუმცა არასოდეს დავუშვებ იდიოტების ძალადობას, რასაც ისინი იმ ადამიანების მიმართ ახორციელებენ, ვინც ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ყოველდღიურად",- აღნიშნა მარკ რუტმა საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 1 კვირაა, პროტესტი არ წყდება გამკაცრებული კოვიდრეგულაციების შემოღების გამო. პოლიციამ უკვე რამდენიმე ძალადობრივი საპროტესტო აქცია დაშალა და ასამდე ადამიანი დააკავა, გამოიყენა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები აგრესიულ მომიტინგეებთან გასამკლავებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის გამო, ქვეყნის მთავრობა არსებული შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას ვარაუდობს.