შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი გამოვიდა ინიციატივით, შესწორება შევიდეს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში, რათა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესდეს. იუწყება გამოცემა Axios-ი, რომელსაც ხელში ჩაუვარდა დოკუმენტის სამუშაო ვერსია.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა დაამტკიცოს სანქციები და სავიზო შეზღუდვები რუსი სამხედრო და დაზვერვის მაღალი რანგის პერსონალის მიმართ, რომლებიც "გეგმავენ ან ახორციელებენ შეჭრას" უკრაინაში.
გარდა ამისა, სანქციები გათვალისწინებული იქნება რუსული ბანკების, სახელმწიფო კომპანიების, ნავთობისა და გაზის საწარმოებისა და სუვერენული ვალის მიმართ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმე ბობ მენენდესის ინიციატივას და სენატს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მას.
ოქტომბრის ბოლოდან დასავლურმა მედიამ დაიწყო გაშუქება უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ. კიევი თავდაპირველად უარყოფდა ამას, მაგრამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ მისი საზღვრების სიახლოვეს 100 ათასამდე რუსი სამხედროა მობილიზებული.