"ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგი" მიმდინარე წლის განმავლობაში ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგსა" და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმოებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის (ლ-62) საწვავის ხარისხობრივ შემოწმებასა და სერტიფიცირებას. სერტიფიცირება ხორციელდება საწვავის ყოველი კონკრეტული პარტიის იმპორტირებისას.
ორგანოს აკრედიტირებული ექსპერტი იღებს ვაგონ-ცისტერნებიდან სინჯებს შესაბამისი ნორმების დაცვით. შემდგომ დალუქული სინჯები იგზავნება აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, სადაც ხდება მისი ხარისხობრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად ლაბორატორია გასცემს გამოცდის ოქმს, რის საფუძველზეც (საწვავის ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის შემთხვევაში) სერტიფიკაციის ორგანო "მონტიორინგი" გასცემს სერტიფიკატებს.
A-91 რეგულარის ტიპის ბენზინის შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი ფიზიკურ- ეკოლოგიური მახასიათებლები: ოქტანური რიცხვი რეალურად შეადგენს 93 - 93,5 ერთეულს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არანაკლებ 91 ერთეულისა); ტყვიის შემცველობა მასში ფაქტიურად არ არის - 0,0018 - 0,0020 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით - უნდა იყოს არა უმეტეს 0,013 ერთეულისა); არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი შეადგენს 30,0 - 32,0 პროცენტს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 45 პროცენტისა); ბენზოლის მოცულობითი წილი არის 2,8 - 3,2 პროცენტამდე (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 5 პროცენტისა); გოგირდის შემცველობა არის 300 - 320 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 500 ერთეულისა).
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის დასაწყისიდან არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ საწვავი არ შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს. უფრო მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში ის მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ხარისხობრივად ,როგორც ფიზიკური, ისე ეკოლოგიური მახასიათებლების მხრივ.