პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ზბიგნევ ზობრომ განაცხადა, რომ ვარშავა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დაწესებულ ჯარიმებს არ გადაიხდის.
"პოლონეთს არ ძალუძს და არც უნდა გადაიხადოს არც ერთი ზლოტი", - თქვა მინისტრმა ვარშავაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, პოლონეთს უფლება არ აქვს "დაემორჩილოს უკანონობას". ამასთან, იუსიტიციის მინისტრმა სასამართლოს დაკისრებულ ჯარიმებს "უკანონო სანქციები" უწოდა.
შეგახსენებთ, ლუქსემბურგში განთავსებულმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ევროკავშირის კანონმდებლობის უგულვებელყოფისთვის, პოლონეთს ყოველდღიურად 1 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
მანამდე, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის რიგი კანონები და ევროპული სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის კონსტიტუცია აღემატება ევროკავშირის კანონმდებლობას. ევროგაერთიანება არ ეთანხმება პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას.