ჩინეთმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოსცადა ბირთვული შესაძლებლობების მქონე ჰიპერბგერითი რაკეტა.
პეკინი ამტკიცებს, რომ ეს იყო არა ჰიპერბგერითი რაკეტა, არამედ კოსმოსური ხომალდის რუტინული შემოწმება.
"ეს არ იყო რაკეტა, ეს იყო კოსმოსური ხომალდი", - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე და ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ დასძინა, რომ Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
ინფორმაცია ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ თავდაპირველად გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ამ კონტექსტში, ჩინეთის სამხედრო პოტენციალმა შეერთებული შტატებიც კი განაცვიფრა.
ჰიპერბგერითი რაკეტა ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემისთვის მისი გაუვნებელყოფა გაცილებით რთულია.
რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონია სულ უფრო მზარდი შეშფოთება, რომელიც ჩინეთის ბირთვულ პოტენციალს უკავშირდება.